საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, 2025 წელს განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკას, პროკურატურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, საქმიანობის შედეგებს, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სამომავლო გეგმებს.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებს, როგორიცაა ფულის გათეთრება, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური დანაშაული, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ტერორიზმი და გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ასევე, საუბარი შეეხო მოწყვლადი პირების დასაცავად განხორციელებულ ღონისძიებებს.
გენერალურმა პროკურორმა საბჭოს წევრებს გააცნო საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტები, მათ შორის, დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, დაზარალებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და გაძლიერება, ასევე სამართალწარმოების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა.
გიორგი გვარაკიძის განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის თანმიმდევრული განვითარება, პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმების დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება.
გენერალური პროკურორის განცხადებით, 2025 წელს განახლდა სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის ძირითად პრიორიტეტებად რჩება დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება და დანაშაულის პრევენცია.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.